თავისი ძალებითა და მოსახლეობის დახმარებით ასოციაციამ განახორციელა პროექტი „Ecohoscope“ , რომელიც მოიცავდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში, უფასოდ გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები. აგრეთვე, წყალტუბოს რაიონში ტყის გასაშენებლად დაირგო 800 ძირი ნერგი.
ასოციაცია მონაწილეობას იღებდა კოალიციურ პროექტში, რომელსაც აფინანსებდა ფონდი „Horizon“. პროექტი ითვალისწინებდა ანტიკორუფციული გარემოს შექმნას სახელმწიფო აუქციონების ჩასატარებლად წყალტუბოს რეგიონში. ასოციაციის ინიციატივითა და „World Bank“-ის დაფინანსებით წყალტუბოში შეიქმნა „ფერმერების საინფორმაციო, საკონსულტაციო ცენტრი“, რომლისგანაც საჭირო ინფორმაცია მიიღო 300-მდე ფერმერმა.
ასოციაციამ ორგანიზაციების - „CARE“ და “USAID”-ის დახმარებით განახორციელა პროექტი „მეცხოველეობის საკვები ბაზის შექმნის შესახებ“, რის ფარგლებშიც წყალტუბოს რეგიონში გამოიყო 10 საცდელი მიწის ნაკვეთი (50 ჰა), სადაც დაითესა საფურაჟე კულტურები.
ასოციაციის წევრები აქტიურად მუშაობენ ქ. ქუთაისის და საერთოდ იმერეთის რეგიონის მასშტაბით. მოსახლეობასთან ერთად გაიმართა ზესტაფონში მდინარე ყვირილას დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული და წყალტუბოს (გრანიტისა და კალციტის), ბაღდათის (საირმის სამკურნალო წყლების), ტყიბულის (მადნის მოსაპოვებელი ტერიტორია) ღია კარიერების რეკულტივაციის მოთხოვნით აქციები. ქ. ქუთაისში მდინარე რიონის კალაპოტის საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული აქციებით შესაძლებელი გახდა მდინარის კალაპოტისა და სანაპირო ზოლის გაწმენდა და სანაგვე ურნების დადგმა. შედეგიანი აღმოჩნდა აქციები ეკოლოგიური ექსპერტიზის მოთხოვნით „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, სატელევიზიო გადაცემის მოწყობა ადგილზე გადაღებით (წყალტუბოს რ-ნი), შეხვედრა მოსახლეობასთან ერთად აშშ-ს ელჩთან საქართველოში ჯონ ბასთან. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა ქანის გეოლოგიური და საბოლოოდ რიონის ულამაზესი ხეობის მიკროკლიმატის შემდგომში მოსალოდნელი ცვლილების დასკვნის შესახებ და ა.შ. ასოციაციის წევრები ასრულებენ აგროეკოლოგიური მიმართულებით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. 2010 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალი აგრარული ტექნოლოგიები“ და გამოიცა ნაშრომთა კრებული. 2011 წელს ასოციაციის წევრმა „აგრობიზნესისა და აგროეკოლოგიის საზოგადოებრივმა კოლეჯმა“ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია 19 საგანმანათლებლო პროფესიულ დარგობრივ პროგრამაზე. 2012-2013 წლებში ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში აგროეკოლოგიურ დარგობრივ მიმართულებებში. ასოციაციის წევრი ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო სექტორთან. 2013 წლის 2 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე ნიდერლანდების ისტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (MIMD)-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებული პროექტის „ჩემი ქალაქის მწვანე მომავალი“, ქ-ნ როზა ლორთქიფანიძის საექსპერტო დასკვნის რეკომენდაციები გადაეცა შესასრულებლად ქ. ქუთაისის თვითმმართველობას. აგროეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით წარმოიშვა იდეა აგრარულ მეცნიერებათა მიმართულების ჟურნალ „აგროNEWS“-ის შექმნის შესახებ, რომელსაც ერთსულოვნად დაეთანხმნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრები. იმის გათვალისწინებით, რომ იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის დამფუძნებელი და წევრები წარმოადგენენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, საკითხი ერთობლივი დარგობრივი სამეცნიერო ჟურნალის გამოშვების შესახებ განხილული იქნა აგრარული ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე. საბჭოს გადაწყვეტილებით აგრარულმა ფაკულტეტმა დაიწყო თანამშრომლობა სამეცნიერო ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით. შეიქმნა რედკოლეგია, იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით კი შეიქმნა ჟურნალი, რომლის პრეზენტაციაც შედგა 2016 წლის 5 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე. ჟურნალი „აგროNEWS“ არის საერთაშორისო სტანდარტის ნომრის მქონე (ISSN2346-8467) რეცენზირებადი და რეფერირებადი სერიული გამოცემა, რომელიც ბეჭდავს მნიშვნელოვან გამოკვლევათა შედეგებს აგრარულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, ქიმიურ, საინჟინრო, ტექნოლოგიურ, ბიოლოგიურ და მომსახურების სფეროს მეცნიერებათა დარგებში. ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები წარმოადგენს საერთაშორისო დონის ნაშრომებს. ჟურნალის დანიშნულებაა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ მოპოვებული ახალი მიღწევების, გამოკვლევათა მასალებისა და შედეგების ოპერატიული გამოქვეყნება. ამ დროისათვის გამოცემული და ყველა შემდეგი ნომერი აიტვირთება აგროეკოლოგიური ასოციაციის ვებ. გვერდზე - www. iaa.com.ge ISO-ს მოთხოვნების შესაბამისად. 2016 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე, კავშირი-„იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ დაფინანსებით ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ახალგაზრდა აგრარიკოსები“. 2019 წლის 14-15 ნოემბერს ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარული ფაკულტეტის და „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ახალი ინიციატივები”.