წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში გაშენდა წრიული სქემით. კურორტის ცენტრალურ, ყველაზე დაბალ ნაწილში მდებარეობს 78 ჰა ფართობის ცენტრალური პარკი, მასში განთავსებული ბალნეოლოგიური ზონით.
პარკის ტერიტორიაზე მოზარდი მერქნიანი მცენარეების კვლევა განხორციელდა 2020
წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში. კვლევის მიზანი იყო მცენარეების მდგომარეობის შესწავლა - ტაქსონომიური შემადგენლობის, რაოდენობის, ზომების დადგენა; სანიტარული და ესთეტიკური მდგომარეობის შეფასება; ფოტოგადაღება; საკვლევი ტერიტორიებისადმი განსაკუთრებულად შემგუებელი სახეობების გამოვლენა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პარკის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი რაოდენობით
იზრდება გვარი ტაქსოდიუმის ორი სახეობა - ჭაობის (Taxodium districhum (L) Rich) და მექსიკური (Taxodium mucronatum Ten (T. Mexicanum Carr)) ტაქსოდიუმი - რომელთა საერთო რაოდენობა პარკში 1041 ძირია. მცენარეების უმეტესობა - 434 ძირი - პარკის ჩრდილო-დასავლეთ სექტორშია განთავსებული, 166 ძირი - ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო 139 ძირი - მათ შორის,
ჩრდილოეთ ნაწილში, რაც ჯამში მცენარეების დაახლოებით 70%-ია. დანარჩენი ტაქსოდიუმები
- 302 ძირი - ერთეული და ჯგუფური ნარგაობების სახით პარკის მთელ ტერიტორიაზე არის გაბნეული. პარკში ტაქსოდიუმები ძირითადად ხშირი კორომების სახით არის წარმოდგენილი, სადაც იზრდება ზრდასრული მცენარეები, რომელთა სავარაუდო ასაკი 70 წელზე მეტი უნდა
იყოს.
ტაქსოდიუმები მაღალი დეკორატიული თვისებების მქონე მცენარეებია, რაც გამოიხატება
მათ ლამაზ ვარჯსა და წიწვების ფერთა ცვალებადობაში. ჭაობის ტაქსოდიუმს გაზაფხულზე ღია
მწვანე ფერი აქვს, ზაფხულში - მუქი მწვანე, ხოლო შემოდგომაზე ფერი ნარინჯისფერიდან წითლამდე იცვლება. კურორტის გამწვანებაში ჭაობის ტაქსოდიუმის გამოყენების კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი მისი წიწვებცვენის უნარია, რაც უზრუნველყოფს ზაფხულში კარგ დაჩრდილვას, ხოლო ზამთარში მზის სხივების შეღწევის უნარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალნეოლოგიური კურორტისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში კორომებში მცენარეების ქვედა ტოტები შემხმარია, ხოლო მათ ძირში დიდი რაოდენობით თვითნათესი მცენარეებია ამოსული. უნდა განხორციელდეს მცენარეების სანიტარული გასხვლა, ხოლო თვითნათესი მცენარეები გამოყენებულ იქნას პარკის თავისუფალი სექტორების განაშენიანებისათვის.