ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო
კულტურების, მათ შორის სუბტროპიკულის, განაშენიანება-გაადგილების საკითხებს. კვლევის
მიზანი იყო ლაგოდეხის რაიონის ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში სოფელ ჭაბუკიანში ეთერზეთის მწარმოებელი კომპანიის შპს „Green village“-ს ტერიტორიაზე ახლადგაშენებულ
ხეხილის ბაღში მოზარდი ხეხილ-კენკროვანი კულტურების აკლიმატიზაცია-ადაპტაციის საკითხების კვლევა. მეპატრონეს სურს, რომ ტერიტორიაზე დაირგოს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოზარდი თითქმის ყველა ხეხილოვანი კულტურა, თუმცა 2018 წლის
გაზაფხულზე დაირგო მხოლოდ 19 დასახელების 138 ძირი მცენარე.
2018-2020 წლებში განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეების ზრდის ინტენსივობა 2019-2020 წლებში ორჯერ უფრო სწრაფი იყო 2018-2019 წელთან შედარებით, რაც განაპირობა 2020 წლის საკმაოდ თბილმა და წვიმიანმა გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდმა. კვლევის პერიოდში ყველაზე სწრაფად გაიზარდა ატამი, რომლის მატებამ 2018 წლის გაზაფხულიდან 180,2
სმ შეადგინა, ქლიავის -170,4 სმ, ხოლო ბალის - 107,3 სმ. საკმაოდ კარგად გაიხარეს და გაიზარდნენ სუბტროპიკული მცენარეებიც: იაპონური ზღმარტლის (მუშმალა) მატებამ - 81,0 სმ შეადგინა, ლეღვის - 66,8 სმ, აღმოსავლური ხურმის - 52,6 სმ, ფეიჰოას - 49,3 სმ.
როგორც ცნობილია, ექსპერიმენტში ჩართული მცენარეების ნაყოფის მოცემის ვადა დარგვიდან ზოგისთვის მე-3 წელიწადია, ზოგისთვის მე-4 და მე-5. ჩვენს შემთხვევაში მოსავლის
პირველი ნიშნები ჰქონდათ: ვაშლს, ბალს, ალუბალს, ატამს, ზღმარტლს, ტყემალს, ფეიხოას და
ხურმას.