ნაშრომში წარმოდგენილია 2011 წელს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ინტროდუცირებული მანდარინის ზოგიერთი პერსპექტიული ჯიშის ზრდა განვითარების თავისებურებების შესწავლის მიზნით ჩატარებული ფენოლოგიური დაკვირვების შედეგები. დაკვირვება ტარდებოდა მანდარინის შემდეგ ჯიშებზე: ივასაკი (Iwasaki), ნიჩინანი (Nichinan), ოკიცუ ვასე (Okitsu wase), მიჰო ვასე (Miho Wase), ტაგუჩი ვასე (Taguchi wase), ასევე ოვარის ჯგუფის მანდარინის ჯიშებზე: საცუმა კლაუზელინა (Satsuma Clauselina), მუკოიამა (Mukoiyama), ოჰოტსუ (Ohtsu). საკონტროლოდ აღებული იყო სამრეწველო პლანტაციებში მასიურად გავრცელებული მანდარინი ფართოფოთლიანი უნშიუ (Unshiu), რომელიც შერჩეული იქნა ა(იპ) აგროსერვისისცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელსადემონსტრაციო ნაკვეთის მიმდებარედ. დაკვირვების ქვეშ მყოფ ყველა მცენარეზე ერთნაირად ტარდებოდა აგროწესებით გათვალისწინებული ყველა აგროტექნიკური სამუშაო. ჩატარებულმა ფენოლოგიურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მანდარინის თითქმის ყველა ჯიშს სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში აღენიშნათ ზრდის ორი პერიოდი, მესამე ტალღა დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე საადრეო ჯიშზე (ნიჩინანი, ივასაკი), ისიც მხოლოდ ერთეულ ტოტებზე. ვეგეტაციისა და მოსვენების პერიოდების მიმდინარეობა და ხანგრძლივობა მანდარინის სხვადასხვა ჯიშებში მეტნაკლებად განსხვავებული იყო. მანდარინის არც ერთ ჯიშში პირველი სავეგეტაციო პერიოდის დაწყება მარტის მესამე დეკადაზე ადრე არ დაფიქსირებულა, ხოლო გვიანი პერიოდი დაემთხავა აპრილის მესამე დეკადას. პირველი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა ჯიშებს შორის საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობდა და შეადგინა 48-დან 66 დღემდე. ყველაზე ხანმოკლე სავეგეტაციო პერიოდით გამოირჩევიან ვასეს (ნაგალა) ტიპის ჯიშები, ხოლო ხანგრძლივი პერიოდით ოვარის (საცუმა) ჯიშები და ემთხვევოდა საკონტროლო ვარიანტს (უნშიუ). საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობდა ზრდის მეორე ტალღის დაწყება დამთავრების ვადები და ხანგრძლიობაც. ჯიშებს შორის საკმაოდ ცვალებადი იყო ბუტონიზაციისა და ყვავილობის, როგორც დაწყებისა და დამთავრების ვადები ასევე ხანგრძლივობაც, თუმცა მასიური ყვავილობა თითქმის ყველა ჯიშში დაფიქსირდა მაისის მე-2 დეკადაში. ყვავილობის ხანგრძლივობის პერიოდი შედარებით ხანმოკლე (25-30 დღე) იყო ვასეს ჯგუფში შემავალ ჯიშებში, ხოლო შედარებით ხანგრძლივი (40-45 დღე) ოვარის ჯიშებში.