მრავალი მეცნიერის კვლევით დადასტურებულია, რომ ჰაერში უარყოფითად დამუხტული „მსუბუქი“ იონების მაღალი შემცველობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისინი ააქტიურებენ ადამიანის თავის ტვინის სისხლით მომარაგების და ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს, ხოლო დადებითად დამუხტულები საზიანოდ მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია გარემო პირობების გავლენის შესწავლა ჰაერის იონიზაციის ხარისხზე და მისი მართვის შესაძლებლობების გამოვლენა გარემოს გამწვანებაკეთილმოწყობის მეთოდების გამოყენებით.
ადამიანებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, რომ მთიან რეგიონებში, სწრაფი მთის მდინარეების და ჩანჩქერების მახლობლად, ასევე ტყიან გარემოში მცხოვრები ადამიანები გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით, ამის ერთერთი, და მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჰაერში უარყოფითად დამუხტული აეროიონების მაღალი შემცველობაა (30000-2000 1 სმ3 ჰაერში). ღია სივრცეებში ჰაერის იონიზაციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, ძირითადად ეს არის დედამიწის ქანებში შემავალი რადიოაქტიური ნივთიერებები და კოსმიური სხივები, მზის რადიოაქტიური და კორპუსკულარული გამოსხივება, ჭექაქუხილი, სწრაფად მოძრავი წყლის შხეფების ხახუნი, მცენარეების მიერ ფოტოსინტეზის დროს ჰაერის იონიზების უნარი და სხვა. შენობების შიგნით იონიზაციის წყარო არის ელექტრო ხელსაწყოები და დადებითი მუხტუს მქონე ხელოვნური სინტეტიკური მასალები. ჰაერის იონიზაციის პროცესში წარმოიქმნება ორივე მუხტის „მსუბუქი“ იონები, მაგრამ სუფთა ჰაერში და ღია სივრცეებში დადებითები მიიზიდებიან უარყოფითი მუხტის მქონე მიწის ზედაპირის მიერ, ხოლო ჰაერში გროვდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო უარყოფითი აეროიონები. ქალაქებში კი ჰაერი დაბინძურებულია მტვრით, ჭვარტლით, მავნე მიკროორგანიძმებით, აქტიური უარყოფითი იონები უკავშირდებიან დადებითად დამუხტულ ჰაერის მინარევებს, მძიმდებიან და ეშვებიან ქვევით ჭუჭყის სახით, დადებითები კი რჩებიან ჰაერში. ადამიანის საცხოვრებელი გარემოს იონიზაციის ხარისხს ამაღლებს მცენარეები, განსაკუთრებით ფიტონციდური, რადგანაც ისინი ამცირებენ ჰაერში მავნე მიკროორგანიძმების არსებობას. ასევე კარგია შადრევნებისა და წყალვარდნილების მოწყობა, რაც იონიზაციის ხარისხს ზრდის 500-1200-მდე 1 სმ3 ჰაერში.