წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. ყოველი ჩვენგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა და ოკეანებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მასშტაბებს იღებს. ამასთან ერთად, უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული მიზნით გამოყენება. თითოეული ჩვენგანის ჩართვა პრობლემის არსის გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია.