დავით გარეჯი არის ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა განმავლობაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია. ჩვენი მიზანია ქართული კულტურისა და რელიგიური ცენტრის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცნობადობის ამაღლება ტურიზმის განვითარებისათვის. იმედია ეს დავა სამართლიანად გადაწყდება რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას კახეთის რეგიონში, რომელიც დადებითად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე. დავით გარეჯს, საქართველოაზერბაიჯანის საზღვართან და მიმდებარედ არსებულ კულტურულ და რელიგიური კერას ძვირფასად მიიჩნევს როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. ას წელზე მეტია საქართველო აზერბაიჯანის ამ მონაკვეთზე საზღვრის გამიჯვნის საკითხი ისე ვერ მოგვარდა, რომ ორივე მხარე ამით კმაყოფილი დარჩენილიყო.