ყოველი მცენარე დარგვის შემდეგ საჭიროებს უამრავი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორის მრავალჯერად მორწყვას, ჭიგოს დასობას, აკვრას, შესხვლას, სასუქების შეტანას და ა.შ. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბაღებს, პარკებს და ტყეპარკებს, სადაც უამრავი განსხვავებული სახეობის, სიმაღლის, ფორმის და ასაკის მცენარეებია, რომლებმაც უნდა შექმნან რეკრეაციული გარემო ადამიანების სრულყოფილი დასვენებისათვის. კომფორტი მწვანე მშენებლობის ობიექტზე მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კარგია მისი ესთეტიკური მხარე, სანიტარულ-ჰიგიენური ვითარება, ფუნქციონალური მდგომარეობა, ბუნების დაცვითი ფუნქცია და ტექნოლოგიური დონე. ყველაფერი ამის მიღწევა კი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხეთადგომში შემავალი ხეების, ბუჩქების და ხვიარების თითოეული სახეობის ბიოლოგიის ღრმა ცოდნით, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ზემოთ დასახელებული სასიცოცხლო ფორმების ჭრები და სხვლა ფორმირება.
ნაშრომში გარდა ძირითადი (გეგმიური, რეკონსტრუქციული, სანიტარული და ფორმირებითი) ჭრებისა განხილულია ამ უკანასკნელის - ფორმირებითი ჭრების ყველა მიმართულება. კერძოდ, ჭრები: ა) შემადგენლობის, ბ) ხეთადგომის ხარისხის, გ) სივრცობრივი განლაგების, დ) ტყისპირების გაუმჯობესების და ე) მოზარდის და ქვეტყის გამეჩხერების მიზნით. რის შემდეგაც შედეგი აისახება მწვანე მშენებლობის ობიექტზე ვიზიტორთა რაოდენობით.