ფიზალისი (physalis) ძაღლყურძენასებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელია, ის საქართველოში ნაკლებად გავრცელებული კულტურაა, მაგრამ მისი აგრობიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, გააჩნია გავრცელების და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის აგროკლიმატურ პირობებზე ადაპტირების კარგი პოტენციალი. გარდა ამისა, აღნიშნული კულტურა ასევე საინტერესოა მარკეტინგული თვალსაზრისითაც, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ფიზალისის ნაყოფი შეიცავ ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს და ელემენტებს, ნაყოფი ფართოდ გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად, ასევე კვების და ქიმიური მრეწველობის სხვადასხვა სექტორებში.
ფიზალისის კულტურის წარმატებით ადაპტირება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა იმ არეალზე, სადაც ძაღლლყურძენასებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი კულტურებიდან იწარმოება პომიდორი, წიწაკა და ბადრიჯანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზალისის წარმოებისათვის შესაბამისია შიდა ქართლის აგროკლიმატური პირობები.
სტატიაში განხილულია ფიზალისის (physalis) წარმოშობა, ჯიშები, ბოტანიკური დახასიათება, აგრობიოლოგიური თავისებურებანი, მისი სასარგებლო თვისებები და გამოყენება; მოვლამოყვანის ტექნოლოგიები და საქართველოში (შიდა ქართლი) გავრცელების პერსპექტივები.