ტყემლის კულტურა არაა სათანადოდ შესწავლილი. საქართველოში არსებული ტყემლის უამრავი ჯიში საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ და გამოვყოთ საუკეთესო ჯიშები, რომლებთაც აქვთ მაღალი აგრობიოლოგიური, კვებითი, ტექნოლოგიური და ტექნოქიმიური თვისებები და სიმწიფის სხვადასხვა პერიოდი. ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციები სხვადასხვა ჯიშების დარაიონების შესასწავლად. სწორედ ეს წარმოადგეს ჩვენი კვლევის მიზანს. კვლევისათვის ავიღეთ ტყემლის რამდენიმე სახეობა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და მათგან შევარჩიეთ ისეთი სახეობები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აგრობიოლოგიური და ტექნოქიმიური მაჩვენებლებით, საუკეთესო ტექნოლოგიური თვისებებით და პროდუქციის მაღალი შეფასებით. დავადგინეთ სიმწიფის პერიოდის და გეოგრაფიული ზონების გავლენა მათ ტექნოქიმიურ მაჩვენებლებზე. გამოკვლევების საფუძველზე რეკომენდაციას ვაძლევთ ფერმერებს სამრეწველო გამოყენებისთვის გააშენონ ჩვენს მიერ შესწავლილი ტყემლის ფორმები: იმერეთის ზონაში - წვრილნაყოფიანი ყვითელი, წვრილნაყოფიანი ვარდისფერი, სიმონეთის სამურაბე, ლეჩხუმური. ქართლის ზონაში კი გორული სამურაბე, გორის ვარდისფერი.