კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების გაცოცხლებას. ნაშრომში გადმოცემულია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის რომანტიზმის ისტორია. რომანტიკულ ტურში მხატვრულად არის აღწერილი ქუთაისის სასიყვარულო ისტორიები, რომელიც მოიცავს შემდეგ ობიექტებს: თეთრი ხიდი (სიყვარულის ხიდი), ვ. ანჯაფარიძის სკვერი (სიყვარულის სკვერი), ოქროს ჩარდახი, კლასიკური გიმნაზია, ბულვარი, კათოლიკების უბანი, ჯაჭვის ხიდი, ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონი, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი, წითელი ხიდი და გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.
ბევრს მოგვითხრობენ ლეგენდები ისტორიულ სიყვარულზე: ზღვისა და მიწის ბედისწერამ სწორედ ამ გასაოცარ ქალაქს მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული ხომალდი „არგო“. ყველაზე დიდი საოცრება, რაც ბერძნებმა კოლხეთის სატახტოში იხილეს იყო აიეტის ასული–მედეა. ხომალდ „არგოს“ მეთაურმა იაზონმა ღვთაება ეროსის დახმარებით თავი შეაყვარა კოლხეთის მშვენებას. სწორედ მედეასთან ერთად გაიტაცა იაზონმა ოქროს საწმისი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისიდან.