კვლევის მიზანი იყო მერქნიანი მცენარეების ნარგაობის გავლენის შესწავლა გარემოს ტემპერატურაზე. შესწავლილ იქნა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე ტემპერატურების კავშირი მცენარეების მიერ შექმნილი ჩრდილის ინტენსივობასთან - გარემოს განათებულობასთან. კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ მერქნიანი მცენარეების ნარგაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზაფხულის ცხელ პერიოდში ტემპერატურული პირობების ფორმირებაზე და ეს გავლენა დამოკიდებულია მცენარეების მიერ შექმნილი ჩრდილის ინტენსივობაზე, ასევე მოასფალტებულ ზედაპირებთან და შენობა-ნაგებობებთან სიახლოვეზე. კვლევის პერიოდში მაქსიმალური ტემპერატურა, 39,0-39,50C, დაფიქსირდა დაუჩრდილავ, ასფალტით და ბეტონით დაფარულ ადგილებში, სადაც განათებულობა 10 000 ლუქსი იყო. ტემპერატურის სხვაობა მზიან, მოასფალტებულ, შენობა-ნაგებობებთან ახლოს არსებულ წერტილსა და პარკის შიგნით, ზრდასრული მერქნიანი მცენარეების მიერ შექმნილ კორომებში თითქმის 6,50C დაფიქსირდა (32,0-39,50C), ხოლო განათებულობის სხვაობა 9100 ლუქსი (900-10000 ლუქსი) იყო.