გარემოს დაცვის გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, მცენარეთა დაცვაში მეტად
მნიშვნელოვანია სათანადო ადგილი დაიკავოს ინსექტიციდური და ფუნგიციდური აქტივობის
მქონე მცენარეებმა. ქიმიური წარმოება გვთავაზობს ფართო ასორტიმენტს თანამედროვე და
ეფექტური პრეპარატებისა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მათი უარყოფითი მოქმედების მექანიზმი გარემოზე და ქიმიური პესტიციდების დაგროვების უნარი საკვებ პროდუქტებში. დღესდღეისობით მიმდინარეობს ბიოლოგიური მეთოდების კვლევა მცენარეთა დაცვის კლასიკური
ფორმულის შესაბამისად "ცოცხალი ცოცხალის წინააღმდეგ"; სადაც ბუნებრივ გარემოში არსებული სანიტრების ფრინველების, სასარგებლო მწერების და ფიტოსანიტარული მცენარეების შესწავლა მიმდინარეობს; ამასთანავე მნიშვნელოვანია ჩვენი წინაპრების დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინება მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ბუნებრივი პესტიციდების გამოყენებით.
მრავალი თაობის წინა გამოცდილებასთან დაკავშირებით, უნდა გავიხსენოთ ჩვენთვის
საკმაოდ ნაცნობი მცენარეები, რომლებიც არამარტო არ ექვემდებარება მავნე ორგანიზმების ზემოქმედებას, არამედ ქმნის გარკვეულ უსაფრთხოების ზონას სხვა კულტურებისთვის. ქიმიური
ინდუსტრიის განვითარებამ და სწრაფმომქმედი შხამქიმიკატების გაჩენამ უკანა პლანზე გადაწია დაცვის ბიოლოგიური მეთოდები. დღევანდელობიდან გამომდინარე გლობალური გარემოს
დაცვითი ღონისძიებების ეფექტურობისათვის, მიმდინარეობს ბიოლოგიური ღონისძიებების
გააქტიურება მცენარეთა დაცვის მეთოდებში.
ჩვენს მიერ განხილულია დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბალახოვანი მცენარეების ბუნებრივი ინსექტიციდური და ფუნგიციდური როლი მავნე ორგანიზმებთან
ბრძოლის თვალსაზრისით და მოცემულია მათი დამზადების წესები, გამოყენების თავისებურებანი.