მაღალი მხატვრული ღირებულების დეკორატიული ბაღის შექმნა წარმოუდგენელია
წყლის ელემენტების გარეშე, მათ შორის მნიშვნელოვანია მინი ტბორის, აუზის მოწყობა. კარგად დაგეგმარებული და სწორად მოწყობილი წყლის ელემენტები ადვილი მოსავლელი და დადებითი განწყობილების საწინდარია. წყლის ელემენტების შექმნის დროს მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე მათი სწორი განლაგება და შესრულება გარემოს სტილისტური თავისებურებების
გათვალისწინებით.
მინი აუზი შეიძლება გაკეთდეს როგორც მყარი, ასევე სპეციალური ელასტიური ქვესადებით. სიმეტრიული გუბურა საუკეთესოდ გამოიყურება როდესაც სწორი კონტურებითაა მოპირკეთებული, ხოლო ასიმეტრიული - უსწორმასწორო ფილებით. თვით აუზი უნდა გაკეთდეს ყველა ტექნოლოგიების დაცვით. მცენარეების დარგვისთვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური პლასტმასის კალათები, ასევე წყლის მცენარეებისათვის განკუთვნილი სუბსტრატი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მცენარეების მოთხოვნებს. ბადიან კალათაში ჩაფარებული უნდა იყოს ჯუთის ქსოვილი, რათა არ მოხდეს სუბსტრატის სწრაფი გარეცხვა. თუ აუზში თევზების გაშვება არის გათვალისწინებული აუცილებელია სუბსტრატის დაფარვა წვრილმარცვლოვანი ხრეშით.
აუზში დარგული მცენარეები ქმნიან საკუთარ ეკოსისტემას, ამიტომ უნდა შეიჩეს მათი
სწორი კომბინაცია. აუზის მცენარეები შეიძლება დაჯგუფდეს მათ მოსაყვანად საჭირო წყლის
სიღრმის მიხედვით. არჩევენ ღრმა წყლის მოყვარულ მცენარეებს (Nymphaea candida და
Nymphaea alba), რომელთაც უვითარდებათ გრძელყუნწიანი მოტივტივე ყვავილები და ფოთლები. განაპირა მცენარეების ფესვები წყალშია, მაგრამ ღეროები და ფოთლები ზედაპირზე იზრდება. წყლის მცენარეების უმეტესობა ძალიან მოკლე დროში ასრულებს ყვავილობას: გვიანი
გაზაფხულიდან გვიან ზაფხულამდე. იმისათვის რომ ლამაზი სანახაობა შეიქმნას კოლექციას
უნდა დაემატოს მიმზიდველი ფოთლოვანი მცენარეები.