ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის ჩამოყალიბება-განვითარებას საქართველოში არ აქვს დიდი ხნის ისტორია. დარგის ეს მიმართულება ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში. ქვეყანაში პირველი ბიომწარმოებლები 15-20 წლის წინათ გამოჩდნენ. დროის ამ მონაკვეთში ნელ-ნელა დაიხვეწა ბიომევენახეობა-ბიომეღვინეობის ფუნდამენტური პრინციპები. იგი მეტ-ნაკლებად მოერგო საქართველოს პირობებს და მიესადაგა ევროპაში არსებულ სტანდარტებს. ძირითადად ორგანული მიმართულებით საქართველოში მცირე საოჯახო მარნების დიდი ნაწილია წარმოდგენილი. 2013 წლისათვის 100-მდე დიდი და მცირე მარანი არსებობდა, დღეისათვის კი მათი რიცხვი გაზრდილია და დაახლოებით 1000-ის ტოლია. მათ შორის მცირე მარნების უნიკალურობას ხარისხი წარმოადგენს. მათ უმეტესობას აქცენტი გადატანილი აქვთ ბიომეურნეობა-ბიო¬მეღვინეობაზე, რომელიც დღეისათვის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. ორგანული მევენახეობის ძირითადი განსხვავებები ჩვეულებრივი მევენახეობისგან იმაში მდგომარეობს, რომ ვენახის გაშენებისას დაბალანსებულია ეკოსისტემების შენარჩუნების იდეოლოგიური მიდგომები. არ გამოიყენება ქიმიური და სინთეზური ნივთიერებები, რაც ხელს უწყობს გარემოზე დაბალი ზემოქმედების შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება ხდება მხოლოდ ორგანული (კომპოსტი, დამწვარი ნაკელი, ტორფი დ.ა.შ.) საკვები ნივთიერებების მიწოდებით და არა მინერალური სასუქებით.