ნაშრომში აღწერილია, ქუთაისში ინტროდუცირებული მცენარე, მაკლურა, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო, დეკორატიული და სხვა სასარგებლო თვისებებით. მაკლურას სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთი. გავრცელებულია ცენტრალურ ტეხასში. მსოფლიოში მაკლურას გავრცელების არეალი დიდია, იგი გვხვდება ცენტრალურ ევროპაში, შუა აზიაში -უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ინტროდუცირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. გვხვდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შემოტანილია მე-19 საუკუნის 70–იან წლებში და კარგი ზრდა განვითარებით ხასიათდება. აღმოჩნდა, რომ იგი კარგად ხარობს ალუვიურ ნიადაგაბზე, რადგან ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ნიადაგები ალუვიური ნიადაგების ჰიდრომორფოლოგიურ ზონალური ნიადაგების ჯგუფს მიეკუთვნება.
მაკლურა კარგად უძლებს ქალაქის პირობებს. იგი არაა პრეტენზიული ნიადაგის მიმართ . საკმაოდ ეგუება დამლაშებულ და მშრალ ნიადაგსაც. მისი ნაყოფი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
გარდა იმისა რომ მისი ნაყოფისგან მზადდება კოსმეტიკური და სამკურნალო მნიშვნელობის მალამოები, სახლის პირობებშიც შესაძლებელია მისი ნაყოფისგან მალამოს, ექსტრაქტებისა და ზეთების მიღება, რომლის დამზადების მეთოდები სტატიაშია აღწერილი.
ნაშრომში გადმოცემულია მაკლურას არა მარტო სამკურნალო თვისებები, არამედ მისი დეკორატიული და სხვა სამეურნეო ღირებულებანი, რომლის კულტივირება სამომავლო პერსპექტივაა.