ექინაცეა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს ხალხურ მედიცინაში. პირველად ეს მცენარე 1753 წელს იქნა აღწერილი კარლ ლინეს მიერ. მან ეს მცენარე Rudbeckia-ს გვარს მიაკუთვნა. მხოლოდ ორმოცი წლის შემდეგ Echinacea ცალკე გვარად იქნა გამოყოფილი. ეხინაცეას სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, სადაც ის ველურად იზრდება. Echinacea purpurea რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში იგი ინტროდუცირებულია გასული საუკუნის 90-იან წლებში. მრავლდება როგორც თესლით ასევე ვეგეტატიური დაყოფით. ცდებმა გვიჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობი რეგიონების კლიმატური პირობები სავსებით ხელსაყრელია ექინაცეას კულტურისათვის. მისდამი ინტერესი ძალზე მზარდია, რასაც მოწმობს უახლოეს პერიოდში ჩატარებული კვლევები. ექინაცეას ყველა ორგანო სამკურნალოა, მაგრამ განსაკუთრებით მისი ფესვი ვიტამინების ერთგვარი საბადოა. ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე, Echinacea purpurea კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს აგროკლიმატურ პირობებს, ხასიათდება კარგი ზრდაგანვითარებით და მისი კულტივირება, როგორც სამკურნალო ნედლეულის მომცემი მცენარე სავსებით შესაძლებელია იმერეთის აგროეკოლოგიურ გარემოში.